„გურმანიას“ ბრენდით წარმოებული ქართული პროდუქცია უკვე ევროპის ბაზარზე იყიდება. „ფრუტ ლოჯისტიკამ“, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელი კომპანიაა, პირველი ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა ბალტიისპირეთის (ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთის) ქვეყნებთან, სადაც 26 სახეობის პროდუქცია გაიგზავნა.
როგორც ცნობილია, კომპანია მთლიანობაში 60-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის, კომპოტებს, წვენებს, მურაბებს, ჯემებს, საწებლებს, მწნილებს და სადილებს. აღსანიშნავია, რომ „გურმანიას“ პროდუქცია წარმოდგენილია ისეთი განსხვავებული ასორტიმენტით, როგორიცაა ვარდის, გოგრის, გირჩის, წიწაკის მურაბა, ქლიავის ან ატმის საწებელი, გახეხილი ქაცვი, ფორთოხლის კონფიტიურე, გოგრის სადილი, ცხარე ჭარხალი, როგორც აჯიკა და სხვა. ბრენდი „გურმანია“ არის გამორჩეული და ნატურალური გემოების ერთი დიდი ოჯახი, ასევე, განსხვავებული, სახასიათო ვიზუალით შეფუთვის კონცეფციიდან გამომდინარე.
გასულ წელს კომპანიამ მონაწილეობა მიიღო კვების ინდუსტრიის ორ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში დუბაისა და შანხაიში. გამოფენებზე „გურმანიას“ პროდუქციის მიმართ პოტენციურმა პარტნიორებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოხატეს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვებით.
შესაბამისად, მიმდინარე წლისთვის კომპანია გეგმავს წარმოების გაზრდას ნახევარ მილიონ ქილამდე, რომლის დიდი წილი ექსპორტზე გაიგზავნება, ასევე, „ფრუტ ლოჯისტიკა“ აქტიურად განაგრძობს მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში „გურმანიას“ ბრენდის პოპულარიზაციისთვის და პარტნიორების მოსაზიდად. სწორედ ცნობადობის გაზრდა, ხარისიხი და პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია იქნება ის მთავარი პრიორიტეტი, რასაც წლის გამოწვევაც შეგვიძლია ვუწოდოთ კომპანიისთვის.
„ფრუტ ლოჯისტიკამ“ ქართული ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო 2022 წელს დააფუძნა და ISO 22 000 და HACCP სისტემებიც დანერგა. მომავალ წლებში კომპანია, ასევე, გეგმავს წარმოების გაზრდას და მეტ ქართველ ფერმერთან თანამშრომლობას „გურმანიას“ პროდუქციისთვის ქართული ნედლეულის მისაღებად.