“ფრუტ ლოჯისტიკის” დამფუძნებლის ნინო კაპანაძის სიტყვა Gazelle Finance-სა და DFC-ს შორის პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებაზე
მოგესალმებით, მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. ჩვენი კომპანიისთვის დიდი პატივია თქვენი მხრიდან ინტერესის გამოხატვა.
“ფრუტ ლოჯისტიკა“ სულ რაღაც სამი წელია ბაზარზე ოპერირებს და იმ საქმიანობიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ყოვედღიურად ვაწარმოებთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აგროპროდუქციის ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოვყალიბდით.
ეს არის პირველი ლოჯისტიკური კომპანია საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს აგროპროდუქციის რეალიზაციას უშუალოდ ფერმერებიდან პირდაპირ მომხმარებლამდე დამატებითი რგოლების გარეშე.
დღეისათვის ჩვენი კომპანია 1070 ფერმერს ეხმარება პროდუქციის რეალიზაციაში და წლის განმავლობაში აგროკულტურების 500-მდე სახეობის ლოჯისტიკას ახორციელებს. იმისთვის, რომ ფერმერები მარტივად და კოორდინირებულად ჩაებან ამ პროცესში, ჩვენ გავხსენით კომპანიის ფილიალი კახეთის რეგიონში, კერძოდ, ლაგოდეხში. ზაფხულის ბოლოს კი გაიხსნება მეორე ფილიალი ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში.
ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ არა მხოლოდ პროდუქციის რეალიზაციაში, არამედ მოსავლის მოყვანის სწორად დაგეგმარებაშიც დავეხმაროთ. სამწუხაროთ, არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რისი საშუალებათაც ფერმერები ინფორმირებულები იქნებიან, რომელ მეურნეობებში რა კულტურები მოჰყავთ და რომელ პროდუქციაზე შეიძლება შეიქმნას ბაზარზე დეფიტიცი ან გადაჭარბება. ამიტომ მათი მხრიდან ხდება სხვადასხვა აგროკულტურების ქაოტურად მოყვანა, რაც იწვევს ერთბაშად ჭარბ მოსავალიანობას და მოსავლის ნაწილის რეალიზაციის შეფერხებას, რაც მალფუჭებადობიდან გამომდინარე ნარჩენებად უგროვდებათ.
ამ პრობლემამ დაგვანახა, რომ საჭიროა მეურნეობებში ეტაპობრივად მოხდეს სხვადასხვა კულტურების მოყვანა, მოთხოვნის შესაბამისად, რაც ბაზარზე დეფიციტსაც აღმოფხვრის და იმპორტის საჭიროებასაც შეამცირებს. ასევე მნიშვნელოვანია აგროპროდუქციის შენახვის კულტურა სამაცივრე მეურნეობებით, რაც ჩვენს კომპანიაში უკვე დანერგილია. დღეისთვის „ფრუტ ლოჯისტიკაში“ 5 მაცივარი ფუნქციონირებს.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმუშაობთ სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების კომპოსტირების დანერგვაზე, რაშიც გამოცდილებას ბრიტანელი პარტნიორები გვიზიარებენ.
კომპანიის დაარსების დღიდან ჩვენი მთავარი ამოცანა ევროპული სტანდარტების დანერგვაა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ყველაზე დიდ გულშემატკივრებთან – Gazelle finance Georgia-თან და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან ერთად. მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ამ ორგანიზაციების მიმართ, რადგან ჩვენი კომპანია ვერ განვითარდებოდა მათი ჩართულობის და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვმუშაობთ ISO-ს და HACCP-ის სტანდარტებისა და ERP სისტემის დანერგვაზე. მადლობა ეკოსისტემების ინსტალაციისთვის. მზის პანელები, რომელიც კომპანიაში ვამონტაჟებთ თითქმის 70%-ით შეგვიმცირებს ელექტროენერგიის მოხმარების ხარჯებს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში განვითარების გზაზე ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური კადრები, თუმცა, სამწუხაროდ, ბაზარზე ასეთი კადრების დეფიციტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ დავაფუძნოთ პროფესიული სწავლების ტრეინიგ ცენტრი, სადაც მსურველებს შესაბამისი საჭიროებების მიხედვით გადავამზადებთ და შემდეგ ჩვენ კომპანიაში დავასაქმებთ. ამ ეტაპზე ჩვენ დასაქმებული გვყავს 80 თანამშრომელი, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ყოველდღიური, დაუღალავი შრომისთვის. კომპანიის განვითარებასთან ერთად, ბუნებრივია, დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება.
სულ ეს იყო, რაც ამჯერად მინდოდა მეთქვა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დაინტერესებისთვის, მხარდაჭერისთვის. წარმატებებს გისურვებთ!!